ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება, მალე დაიწყება თელავის და მესტიის აეროპორტების ახალი ტერმინალების მშენებლობა

ირაკლი კობახიძე

აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.

„ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 20 მლნ მგზავრს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა.

ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობის დაწყება იგეგმება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდევია 2028 წლის ბოლომდე. ახალი აეროპორტი გვექნება თელავში შიდა ავიამიმოსვლისთვის და გვექნება მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი“, – აღნიშნა პრემიერმა.