ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების არსზე გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც საუბარია დებატებზე, ყველაზე მთავარია გავიგოთ- ზოგადად, ოპონენტები, ვინც იქნებიან დებატებში წარმომადგენლები, ესენი იქნებიან პოლიტიკოსები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის თუ პროფესიის წარმომადგენლები, ექსპერტები, თუ საზოგადოების წევრები, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ყველამ გავიგოთ დებატების არსი, რას ნიშნავს, როგორ არის მოწყობილი და რას ელოდება საზოგადოება, როდესაც უყურებს ორ სხვადასხვა აზრს. აქ მნიშვნელოვანია მედიის როლი. მოდერატორის როლი, ვინ წაიყვანს ამ დებატებს თემატიკის და პროფილის მიხედვით, ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და მზად ვართ ჯანსაღი დებატისთვის.“- აღნიშნა კირცხალიამ.

კირცხალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მზაობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მთავარია შინაარსობრივი და რეალური დებატი იყოს. „მთავარია ვისზე ვსაუბრობთ. დავალება რომ მოდის თავისი ინსტრუქციით, ერთ-ერთი ეს არის- ბრძოლა ჯანსაღ აზრთან. როგორ ებრძვი ჯანსაღ აზრს, როგორ ებრძვი სიმართლეს? - შენივე ზიზღის ენით, რადიკალიზმით, სიბინძურით, ბულინგით პირდაპირი ეთერიდან. შეიძლება სურვილიც არ გაუჩნდეს ადამიანს, რომ მოვიდეს შენთან და მეორე, რომც შეხვიდე ჯანსაღ ოპონირებაში ადამიანთან, როდესაც შედის ასეთი უსამშობლო და აგენტი, რომელსაც მარტივ კითხვას დაუსვამ და ამაზე პასუხს ვერ გაგცემს, იმისთვის რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ფარია ის ზიზღის და ბულინგის ენა, რომელიც გადმოდიოდა და დღესაც გადმოდის მათი მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, მთავარია არსი გავიგოთ, შინაარსობრივი იყოს და მთავარია, რეალურად იყოს დებატი. და ეს არ იყოს ის დამოკიდებულება, რომელი დამოკიდებულებაც პირდაპირი დავალებით მათ მოკლეს იმიტომ, რომ მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.