„ეს განსაკუთრებული ვირუსია... ძირითადი რეზერვუარი არის ხილის მჭამელი ღამურა“ - ივანე ჩხაიძე განმარტავს, არის თუ არა საქართველოში „ნიპას“ ვირუსის გავრცელების რისკი

ივანე ჩხაიძე

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 2 პაციენტთან დადასტურდა ამ ვირუსის არსებობა. ამ 2 პაციენტთან კონტაქტი 196 ადამიანი იყო, ძირითადად გამოვლინდა მკურნალ პერსონალში და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირდა ეს ვირუსი. ვირუსის გადაცემის გზა მარტივი არ არის,- ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.

ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.

ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.

რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმო-ს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.

„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.