წაღებულია ბლოკებით სიგარეტები, ფული და ვისკი... 2 000 ლარამდე ზარალი ვნახე. ვენდობი გამოძიებას და იმედი მაქვს, დამნაშავეებს მალე დაიჭერენ - ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე

ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სასურსათო მაღაზიებს ძარცვავდა და შემდეგ ნაქურდალს სავაჭრო ობიექტებში აბარებდა - პოლიციამ 6 პირი დააკავა. მათ შორის არასრულწლოვნები და ის მოვაჭრეები, რომლებიც მოპარულ პროდუქციას შემდგომში რეალიზაციის მიზნით იბარებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, სქემას ჯგუფის ლიდერი ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის სპეციალურად არჩევდა არასრულწლოვნებს, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ მოზარდებს. თანხის ძირითადი ნაწილიც სწორედ მასთან მიდიოდა.

ამ დროისთვის უკვე დალუქულია მაღაზიები, სადაც მოპარულ პროდუქციას აბარებდნენ.

"რომ გამოვედი მაღაზია გატეხილი დამხვდა, რკინის კონსტრუქციით იყო ფანჯარა ჩამტვრეული. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 3 ადამიანია შემოსული, გაქცევა მოასწრეს. წაღებულია ბლოკებით სიგარეტები, ფული და ვისკი ორი სახის. 2 000 ლარამდე ზარალი ვნახე. პოლიციაც იყო მოსული, ამოიღეს კამერის ჩანაწერები, გამომკითხეს, ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. ვენდობი გამოძიებას და იმედი მაქვს, დამნაშავეებს მალე დაიჭერენ. გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, 20 დღის წინაც გამქურდეს, მაშინ 2 500 ლარი ვიზარალე", - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე "კურიერთან".