ირაკლი კირცხალია გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები,, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი არასწორი განცხადებები გვარამიას წარსულის გამოძახილია და საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში. როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და ე.წ. სტატუსს დღევანდელს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, - მიიჩნევს კირცხალია.

გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.