ირაკლი ფავლენიშვილი: ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია თანამშრომლობისკენ, ეს მათი მისიაა, ამიტომაც გასაგებია მათ შორის განცხადებები, რომ ხელისუფლების ცვლილების გზა უნდა იყოს არჩევნები

ირაკლი ფავლენიშვილი

ეუთო მუშაობს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იყოს თანამშრომლობა, დიალოგი, შეთანხმება სხვადასხვა აქტორებს და მხარეებს შორის. ამიტომაც გასაგებია ის დღის წესრიგი, რაც აქვთ, მათ შორის განცხადებები იმის თაობაზე, რომ არჩევნები უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების გზა. ეუთო-სგან აბა სხვა რას უნდა ველოდოთ, რა განცხადება უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებით არ უნდა იცვლებოდეს?,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია მომართულია თანამშრომლობისკენ, დიალოგისკენ და მისი განცხადების მთავარი არსია, კრიზისის განმუხტვა უნდა მოხდეს.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ არასოდეს ვიყავით ძალადობრივი მეთოდების გამომყენებლები და ყოველთვის ვიყავით ჩართული მშვიდობიან წინააღმდეგობაში, პროტესტში. ჩვენ უნდა წავიკითხოთ ეს განცხადება არა ცალმხრივად, არამედ გავიგოთ მთავარი გზავნილები – პოლიტიკურ პატიმრებზე იყო საუბარი, თავისუფალ არჩევნებზე და კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე. კრიზისი შექმნილი არის ივანიშვილის მიერ, პოლიტიკურ დევნას აწარმოებს ივანიშვილი, არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მექანიზმს იყენებს ივანიშვილი. ამიტომ, აქცენტების მხოლოდ ოპოზიციაზე გაკეთება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების ძალიან ცალმხრივი გაგებაა. ორგანიზაცია არის მომართული თანამშრომლობისკენ, დიალოგისკენ. მისი განცხადების მთავარი არსია, რომ კრიზისის განმუხტვა უნდა მოხდეს. საუბრობს იმ საშუალებებზე, რომლითაც კრიზისი იმუხტება, მათ შორის ეს არის თავისუფალი არჩევნები, კონკრეტულ საკითხებზე მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა. შეგახსენებთ, ამ ორგანიზაციის დასახელებაც ამას გულისხმობს, რომ არის თანამშრომლობისკენ. საარჩევნო ყუთებით რომ უნდა მოხდეს ცვლილება, ამას ვამბობთ ჩვენც, მაგრამ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა ჰქონდეს სანდოობა პროცესის მიმართ. მოქალაქეებს როცა აღარ აქვთ სანდოობა პროცესის მიმართ და ე.წ. არჩევნებს ეძახიან არჩევნებს, ამიტომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ამიტომ საუბრობს მთელი დასავლური სამყარო, ყველა ინსტიტუცია. ეს იცის ივანიშვილმაც, მისმა რეჟიმმაც, თუმცა ამ ნაბიჯს არ დგამს, რადგან თავისუფალ არჩევნებში ივანიშვილი წააგებს. პოლიტიკური ტყვეები როცა გვყავს ქვეყანაში, ფიზიკურად ვერ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. ოპონენტები ციხეში თუ არიან და არა საარჩევნო პროცესში, პროცესი ვერ იქნება თავისუფალი, თანასწორი. ამიტომაც მათ შორის უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, შეიცვალოს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც რეპრესიულია აბსოლუტურად ყველა დასავლური ინსტიტუციის განცხადებით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვერ გადაიდგმება ნაბიჯი. ეს გზა ჩახერგილი აქვს არა ოპოზიციას, არამედ ივანიშვილს. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია თანამშრომლობისკენ, ეს მათი მისია გახლავთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგისა, პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“.