ირაკლი ჩიქოვანი: მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას

ირაკლი ჩიქოვანი

 თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, მხარი დაუჭირა მშვიდობას და განვითარებას.

მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც გვექნება მყარი უმრავლესობა, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც აქვს რეალური და სწორი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები, როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.