დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

დღეს ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთებთან თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობაც - მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას და ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია ან უზნეობაა.

ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც, როგორც ჩანს საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკნელ ხავსს ეჭიდება.

თუმცა, დღეს, ქართველი ხალხი, საარჩევნო ყუთებთან, თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ.

დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ვჭირდებით!“ -აღნიშნა პაპუაშვილმა.