„გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და ძალადობას ისევე დაგმობდით, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებში“ - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრაზე კონგრესის დელეგატმა გაერთიანებული სამეფოდან სტიუარტ დიქსონმა საქართველოში ვიზიტის შესახებ  მოხსენება წარადგინა. მისი მოხსენების შემდეგ, კონგრესის წინაშე სიტყვით ზურაბ აბაშიძე გამოვიდა და გასული წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ  თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ანგარიშში, რომელიც დღეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინეს, ერთი ფრაზით მაინც მოხდებოდა იმ ძალადობის დაგმობა, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ. მისივე თქმით, ანგარიშში ასევე არ არის ნახსენები ის, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.

 

„გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და აღნიშნულ ძალადობას იმავე ხარისხით დაგმობდით, როგორითაც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გამოსვლის ბოლოს ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ  ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიტიური განწყობა და მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ევროპული ქარტიის მონიტორინგის მისიასთან. გვჯერა, კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში და მონიტორინგის მისიის დროს მოგვეცემა შესაძლებლობა დეტალურად გავაზიაროთ ჩვენი ხედვები და არგუმენტები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს საკითხის გარდა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართება დებატები და კენჭისყრა მონაკოში, მონტენეგროში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების შესახებ. იმსჯელებენ ბულგარეთსა და სომხეთში ადგილობრივი დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ასევე გაიმართება დებატები და კენჭს უყრიან კოსოვოში, ესტონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სან-მარინოში ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშებს. შეხვედრის ფარგლებში, დელეგატების მიერ განხილული იქნება მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.