გიორგი სიორიძე: ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, ერთი წლის წინ სასამართლოს შენობაში მომხდარი ხანძარი დააბრალონ

გიორგი სიორიძე

საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა და ალეკო ელისაშვილი ამაზე ღიად საუბრობდა, ახლა თურმე ტერორიზმი ყოფილა, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში და პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, –  ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული კადრები და წინა კადრები არ არის საკმარისი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის.

„სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ ერთი წლის წინ სასამართლოს შენობაში მომხდარი ხანძარი ალეკო ელისაშვილს დააბრალონ. ეს არანაირად არ არის სამართალი, რადგან თვითონ მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული კადრები და წინა კადრები არ არის საკმარისი ადამიანის იდენტიფიცირებისთვის. საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა და ალეკო ელისაშვილი ამაზე ღიად საუბრობდა, ახლა თურმე ტერორიზმი ყოფილა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში და პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“, – განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.