გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გიორგი ჯინჭარაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„34 წელი გავიდა გაგრის დაცემის დღიდან. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მტკივნეულია ჩემთვის, პირადად ჩემი ოჯახისთვის, რადგან მამაჩემი ამ დღეს შეეწირა ქვეყნის ერთიანობას.
მაშინ დაღუპული ადამიანების თავგანწირვა და მომავლისთვის თავდადება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ის ნდობა, რომელიც აფხაზ დებთან და ძმებთან გვაკავშირებდა. მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი, მშვიდობიანი მომავლის რწმენით, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

✕