გიორგი გაბუნია: არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე

გიორგი გაბუნია

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, თავად ევრო ბიუროკრატიის ინიციატივით არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგის, დისკუსიის არანაირი პლატფორმა ამ ეტაპზე. თუმცა ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პრინციპები და ღირებულებები. ის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვეძახით ევროპულს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ პრემიერის ღია წერილზე საუბრისას.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

„ჩვენ მუდმივად ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ არ შეიძლება საქართველო განიხილებოდეს ისე, როგორც კოლონია და გუბერნია. ის არის შემდგარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანია საქართველოსთან დიალოგი თანასწორუფლებიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ უხეშად ჩაერიო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც ცდილობ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში გქონდეს შენი მმართველობითი ხელი. საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებდა კანონს, რომ არ ყოფილიყო ჩართული არასამთავრობო სექტორი. ისე იყო მოწყობილი კანონმდებლობა, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გარეშე ქვეყანა კანონს ვერ იღებდა.

ჩვენ პრინციპულ, პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გათავისუფლებულიყო ამ ჩრდილოვანი მმართველობის მარწუხებისგან და გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამას მოჰყვა წინააღმდეგობა“, - აღნიშნა გაბუნიამ

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ როდესაც საქართველო ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს არის ის მნიშვნელოვანი ევროპული პრინციპი, რომელიც უნდა მიიღოს ევრო ბიუროკრატიამ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაგმატული პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაიმარჯვოს გონიერმა, რაციონალურმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ. თუ ამ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც დღეს რეალურად მართავენ ევროკავშირს, გაიმარჯვებს პრაგმატული პოლიტიკა, მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი.

ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთმომგებიან, ურთიერთსარგებლიან პრინციპებზე. როგორც კი ეს პრინციპები გამარჯვებს ევროკავშირში, საქართველოს და ევროკავშირს შორის იქნება შესაძლებელი სრულფასოვანი ურთიერთობა“, - განმარტა გიორგი გაბუნიამ.