1761906475
,,ფაქტს, რომელსაც თავად ხაზარაძე ადასტურებს, სამწუხაროდ, გერმანული მხარე უარყოფს... მათი გადასაწყვეტია, რამდენად სწორი ინფორმაციის გასაჯაროება სურთ" - ნინო წილოსანი
 
                                                                პეტერ ფიშერთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ გაცემულ პასუხებს, მმართველ გუნდში აფასებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძისგან ბინის ქირაობის ფაქტი, თავად "ლელოს" ლიდერმა დაადასტურა. რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრის ნაწილს, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს შეხვედრები რადიკალიზმს ახალისებდა.
"ფაქტს, რომელსაც თავად ხაზარაძე ადასტურებს, ვგულისხმობ ელჩის მხრიდან მისი ბინის ქირაობას, სამწუხაროდ, გერმანული მხარე უარყოფს. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, რამდენად სწორი ინფორმაციის გასაჯაროება სურთ და რამდენად სურთ, რომ გამოიწვიონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც დიპლომატის მხრიდან ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსის ბინის ქირაობას უკავშირდება.
რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას, პრობლემა ის კი არ არის, რომ დიპლომატი ოპოზიციას ხვდებოდეს, პრობლემა ის არის, რომ თითოეული ეს შეხვედრა ახალისებს რადიკალიზმს, რომელსაც ეს რადიკალი ოპოზიციონერები და რადიკალი აქტივისტები ახორციელებენ," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიერ - პეტერ ფიშერზე დასმულ კითხვებს უპასუხა. გერმანიის მთავრობა - ელჩსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ისინი წერენ, რომ საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია. გარდა ამისა, პარტია ითხოვდა განმარტებას იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქირავა თუ არა ელჩმა, მაღალი კლასის უძრავი ქონება ქართველი ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ - "ეს სიმართლეს არ შეესაბამება."
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის "ალტერნატივა გერმანიისთვის" ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას რამდენიმე დღის წინ შეკითხვებით მიმართა.
 
                                                     
                                                     
                                                    










