The Wall Street Journal: აშშ ვენესუელის სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იყენებენ, იერიშის მისატანად ემზადება

სამხედრო ობიექტები

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიზანში ამოიღო ვენესუელის ის სამხედრო ობიექტები, რომლებსაც ოფიციალური კარაკასი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იყენებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც წყარომ გამოცემას უამბო, თუ ტრამპი საჰაერო იერიშის მიტანას გადაწყვეტს, ეს ვენესუელის ლიდერისთვის ნიკოლას მადუროსთვის იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ის უნდა წავიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს იერიშის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პოტენციური საჰაერო კამპანია მიზანში მადუროს რეჟიმისა და ნარკოკარტელების გავლენის ზონაში მყოფ ადგილებს ამოიღებს, წერს გამოცემა.

როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, აშშ პოტენციურ სამიზნეებად ვენესუელის სამხედრო პორტებსა და აეროპორტებს განიხილავს, რომელსაც ხელისუფლება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის იყენებს.