„ფაქტობრივი უზუსტობაა იმის თქმა, ანაკლიის პორტს რაიმე სხვა სახელი დაერქვას, ეს იქნება სახელმწიფოს სრულ კონტროლში მქონე პორტი, რომელზეც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო“ - ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

ფაქტობრივი უზუსტობაა იმის თქმა, ანაკლიის პორტს რაიმე სხვა სახელი დაერქვას. ეს იქნება სახელმწიფოს სრულ კონტროლში მქონე პორტი, რომელზეც ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი იქნება წმინდად ქართული პორტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ პორტი, რომელიც შენდება ანაკლიაში, მას არ დაერქვას რაიმე სახელი გარდა იმისა, რაც რეალურად არის. ეს ანაკლიის პორტი არის სუფთად ქართული პორტი და აგიხსნით რას ვგულისხმობ ამაში. ის საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე ხორციელდება უშუალოდ ზღვაში, ამ მიმართულებით საქართველომ უკვე დაიწყო ინვესტირება და აქ ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს 220 მილიონი ლარი, რომლითაც შეიქმნება საზღვაო ინფრასტრუქტურა პორტისთვის და ამ ნაწილში საზღვაო ინფრასტრუქტურა იქნება 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, ამ ნაწილში გამოცხადებულია შესაბამისი კონკურსი პარტნიორი კომპანიის შესარჩევად, თუმცა აქაც ცალსახად არის კონკურსის პირობა გაჟღერებული, რომ ინფრასტრუქტურის 51%, ანუ საკონტროლო პაკეტი ექნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და, შესაბამისად, ყველა ამ მოცემულობიდან გამომდინარე, უბრალოდ ფაქტობრივი უზუსტობაა იმის თქმა ანაკლიის პორტს რაიმე სხვა სახელი დაერქვას. ეს იქნება სახელმწიფოს სრულ კონტროლში მქონე პორტი, რომელზეც ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.