რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში შეხვედრებს მართავს. ო’ფლაერტმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„შედგა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ქვეყანაში, მათ შორის, იმ შემზღუდველ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიემართება როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროებას, ჟურნალისტებისთვის საოპერაციო სივრცის შევიწროებას, ასევე პროტესტთან მიმართებით. ვისაუბრეთ იმ საქმეების გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სისტემურ წამებას და უცნობი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას დემონსტრანტებთან მიმართებით.
როგორც კომისრის ოფიციალური საჯარო განცხადებიდან არის ცნობილი, ის შეხვდება როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მისი მანდატი მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მონიტორინგს. ჩვენ აქამდე არაერთი შეფასება გვინახავს, მათ შორის, ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით. ოფიციალურად, კომისარი, როგორც მესამე მხარე, არის ჩართული სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის“ საქმესთან დაკავშირებით, ამრიგად, მისი მანდატი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მონიტორინგს უწევს“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაწოდეს თუ არა კომისარს ინფორმაცია ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე, თამარ ონიანმა აღნიშნა, რომ საია გამოძიებაზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.
„ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რამდენიმე ადამიანის სახელით საქართველოს პროკურატურაში აწარმოებს საქმეს და ჩვენ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ასევე საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას დროდადრო. მივიჩნევთ, რომ ეს საკითხები უნდა იქნეს გამოძიებული, რადგან გამოყენებული საშუალებების ინტენსივობა და კანონიერება აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ეს, შეიძლება, გაუტოლდეს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას“, – განაცხადა ონიანმა.
ამასთან, დღეს ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებათა კომისარი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდება.