ევროპაში არის ფასეულობების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები, აქედან გამომდინარე, ბუდაპეშტის კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად.

„საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, რაც უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.