ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებას უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივნისში, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მიენიჭა ვროპული პერსპექტივა. ამჯერად ევროკომისიამ გამოაქვეყნა მორიგი შეფასების ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას. ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში როგორც მოსალოდნელი იყო, არის პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.