1747984423
ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.
„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე, არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.