ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ამ კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზის კომპრომეტირება - ბორელი

ბორელი

დღეს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა და ევროკავშირის მხრიდან არაერთი მოწოდებისა, უკან წაეღო ეს კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს არის მოვლენების ძალიან შემაშფოთებელი განვითარება, ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

საქართველოს აქვს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეაქვს წვლილი ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე ქვეყნის წარმატებულ პროგრესში. შეთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, შესაძლოა შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ დაასტიგმატოს ის ორგანიზაციები, რომლებიც სარგებელს აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ამ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზის კომპრომეტირება - გზის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - აღნიშნა ბორელმა.

83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.