ეს კანონი, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ გაქრეს განსხვავებული აზრი ქვეყანაში - ტატა ხვედელიანი "გრანტების შესახებ" კანონპროექტზე

ტატა ხვედელიანი

 დეპუტატები "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს დღეს, მეორე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

მათ შორის, არის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

ცვლილებების მიზნად მმართველი გუნდი უცხოური გავლენისგან გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ქართული პოლიტიკური სივრცის დაცვას ასახელებს. კრიტიკულია ოპოზიცია.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, "ქართულ ოცნებას", აღნიშნული კანონმდებლობით, ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობა სურს.

"ეს კანონი, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ გაქრეს განსხვავებული აზრი ქვეყანაში. განსხვავებული აზრი, "ოცნების" წევრებისთვის, არის დისკომფორტი, მათ არ სურთ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, არ სურთ იმ კრიტიკული შეფასების მოსმენა, რომელიც მათი ქმედებიდან გამომდინარეობს", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.