ეს არის რეპრესიების გაგრძელება, დღეს სამიზნე არის სამოქალაქო სექტორი, ხვალ, შეიძლება, სამიზნე გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოუწევს დღეს არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელს.

ნინო დოლიძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის პირველი პირი. როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება, ამ დრომდე უცნობია. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით დათანხმდეს.

შეგახსენებთ, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს. საქმის აღძვრის საფუძველი "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვა გახდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა იმ ჯგუფის გამოვლენას ითხოვს, ვისაც მათივე თქმით, უცხოური დაკვეთით ქვეყანაში პროცესების რადიკალიზების მცდელობა ჰქონდა.

რეპრესიებზე საუბრობს ოპოზიცია. პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, მომავალში, შესაძლოა რეპრესიების მსხვერპლი მედია, ან ნებისმიერი ადამიანი გახდეს.

"რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიების გაგრძელება იმიტომ, რომ დღეს შეიძლება სამიზნე არის სამოქალაქო სექტორი და ხვალ, შეიძლება, სამიზნე გახდეს თავისუფალი მედია, ან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ამიტომ მთავარი აქ ის კი არ არის, ვის ებრძვიან, მთავარი არის ის, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.