ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთი

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობენ.

მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 1 ახალი შემთხვევა მოხდა, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

"განვიხილავთ წინ შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ვგულისხმობ, უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დადგება საკითხი, ქალბატონი თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი. თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი. ეს საკითხი რეგულარულად დგება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და უსაფრთხოდ სახლებში დაბრუნება," - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.