ემანუელ მაკრონი - ევროკავშირი უფრო ძლიერი იყო დიდ ბრიტანეთთან ერთად

ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი უფრო ძლიერი იყო დიდ ბრიტანეთთან ერთად. ამის შესახებ მაკრონმა ლონდონში, ლორდ მერის მიერ ორგანიზებულ ბანკეტზე განაცხადა.

„ფინანსური კრიზისის, „კოვიდის“ შემდეგ, ევროპის ნიადაგზე ამ ომისა და რუსეთის აგრესიის შემდეგ, ინფლაციისა და ახლა, გლობალური ეკონომიკის ყველა ამ ტურბულენტობის შემდეგ – ერთი მხრიდან ჩინეთის სუბსიდიების სიჭარბის გამო და მეორე მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწყებული სავაჭრო ომის გამო. რა არის საუკეთესო გამოსავალი ჩვენთვის, ყველასთვის? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ხალხის ხმას და არჩევანს, რომელიც თქვენმა ქვეყანამ გააკეთა რამდენიმე წლის წინ, ცხრა წლის წინ. მე სრულიად ნათელი წარმოდგენა მაქვს სახელმწიფო ვიზიტის საზეიმო ხასიათზე, რადგან ეს არის ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი „ბრექსიტის“ შემდეგ. მაგრამ უნდა ვთქვა: ევროპული კავშირი უფრო ძლიერი იყო თქვენთან ერთად და თქვენ უფრო ძლიერები იყავით ევროპულ კავშირთან ერთად“, – აღნიშნა მაკრონმა, რასაც დარბაზში მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წელს გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა უმრავლესობამ, 52 პროცენტმა დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო. ქვეყანამ ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წელს დატოვა.