ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დსახელდა იმ ჯარიმების რაოდენობა, რომელიც ელენე ხოშტარიამ არ გადაიხადა.

„ხოშტარიამ გირაოს გამოყენებაზე უარი თქვა. კამპანიაც კი იყო, რომ ფული შეეგროვებინათ, თუმცა ციხიდან ხალხს წერილი მოსწერა, ეს ფული არ შეეგროვებინათ. ამ დანაშაულისადმი დამოკიდებულება საჯაროდ შემდგომშიც ბევრჯერ გამოხატა. მისი პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილი საჯაროდ გამოაგზავნა, რომ ნუ ერევით ჩემს საქმეში და თქვენი დახმარება არ მჭირდებაო. პრინციპულად გამოხატავდა, რომ სახელმწიფოს არცერთ გადაწყვეტილებას არ ცნობს. ასეთ ვითარებაში მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. საქართველოში როდესაც სამართლებრივი საშუალებები ამოიწურება, შეუძლია, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და იქაც რომ დამარცხდება, შემდეგ აქ ვიღაცებს გაუკვირდებათ. დამარცხდება იმიტომ, რომ ქართული მხარე სასამართლოს ყველაფერს წარუდგენს და აჩვენებს, მას გირაოც შეეთავაზა და ყველაფერზე უარი თქვა“, – განაცხადა თენგიზ შარმანასვილმა.

კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ქართული სასამართლო სტრასბურგის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს, რომ გაიზიარებს, როგორც აქამდე იზიარებდა.

„კიდევ ვერ გაუგიათ, რომ სამართლებრივი პროცედურა პოლიტიკური პროცედურა არ არის და მოსამართლეს შენი ნაბიჯებით საშუალება უნდა მისცე, რომ შედარებით ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც ყველა გზას შენ თვითონვე ამოქოლავ, რომ მოსამართლემ ეს საშუალება გამოიყენოს, შემდეგ აღარავის არაფერი აღარ უნდა გაუკვირდეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.