ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ეკონომიკა

მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკურმა ცენტრმა - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ანგარიშში ვკითხულობთ: “საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 69.6-ია, რაც მის ეკონომიკას 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 35-ე ყველაზე თავისუფალ ქვეყნად აქცევს. მისი რეიტინგი გასულ წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და საქართველო ევროპის რეგიონში 44 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა მსოფლიო და რეგიონის საშუალო მაჩვენებლებზე მაღალია.

2026 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა „ზომიერად თავისუფალ“ ქვეყნად ითვლება.

გარე და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა შედარებით კარგად მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს“.

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, მალტა, ალბანეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ესპანეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი, თურქეთი.

გლობალური გამოკვლევის მიხედვით პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს კანონის უზენაესობის დონე. ანგარიშში ვკითხულობთ: „კანონის უზენაესობა საქართველოში შედარებით კარგად არის დაცული. ქვეყნის საკუთრების უფლების ქულა მსოფლიო საშუალოზე მაღალია; მისი სასამართლო ეფექტურობის ქულა აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს; და მისი მთავრობის კეთილსინდისიერების ქულა მსოფლიო საშუალოზე მაღალია“.

რაც შეეხება მთავრობის კეთილსინდისიერების შეფასებას, საქართველო ამ შემთხვევაშიც უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და აგრეთვე ევროკავშირის და ნატოს წევრს 12 სახელმწიფოს: კვიპროსს, საბერძნეთს, სლოვაკეთს, მალტას, ხორვატიას, რუმინეთს, მონტენეგროს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა)

• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი)

• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის)
კვლევის მეთოდოლოგიაში ხაზგასმით არის გაცხადებული, რომ ინდიკატორი მიზნად ისახავს ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნების თავისუფლების ანალიზს, როგორიცაა მექრთამეობა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი, გაფლანგვა, მითვისება.

„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ეს ინდიკატორი ეფუძნება სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის პროფილურ კვლევებს:

1. Transparency International, Corruption Perceptions Index;

2. TRACE International, The Trace MatrixWorld Bank, Worldwide Governance Indicators. (ეს უკანასკენელი ეფუძნება ათეულობით კვლევითი ცენტრის პროფილურ კვლევებს).