ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან - ჩვენ ვიბრძოლებთ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ, ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იყვნენ - ალექსანდერ კვაშნევსკი

ალექსანდერ კვაშნევსკი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ. ალექსანდერ კვაშნევსკის განცხადებით, მხარეები იბრძოლებენ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ მისი ცოდნითა და გათვითცნობიერებული დამოკიდებულებით ნარკოპოლიტიკის პრობლემის მიმართულებით.

ჩვენ, ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის სახელით, ვისაუბრეთ, თუ რა არის ჩვენი საქმიანობა, ასევე, როგორ ვიპოვოთ დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც ეფექტური იქნება.

ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მისი წარმოების წინააღმდეგ, ჩვენ ასევე დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იყვნენ, განსაკუთრებით კი საუბარია ახალგაზრდებზე", - განაცხადა ალექსანდერ კვაშნევსკმა.

✕