1748675716
დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა - მიხეილ ყაველაშვილი

26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტებია. გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტამდე მე მივიღე მილოცვები არაერთი ქვეყნისგან. როდესაც რომელიმე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, ვაგზავნით პრეზიდენტებთან მისალოც წერილებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ-ის პრეზიდენტისგან მოლოცვა მივიღეთ. ამ სპეკულაციების განხილვა ალბათ არც ღირს. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარდა იმისა, ეს იყო მისალოცი წერილი, შინაარსში ჩანს მნიშვნელოვანი აქცენტები. ხაზი ესმება ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის განახლების სურვილი აქვთ.
მილოცვაში პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია, დავიწყოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან.
ისტორიულ რაკურსსაც რომ გადავავლოთ თვალი, მანამდე იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილიც, რამდენიმე ქმედება ურთიერთობების დამყარებისთვის. მე როგორც პარლამენტარს და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, ხშირად მოგვყავდა ხოლმე ამ ღირებულებების თანხვედრა. ტრამპი ღიად აცხადებდა ამ ღირებულებების შესახებ. ეს გვაძლევდა იმის საბაბს, რომ მას უნდა გაემარჯვა არჩევნებში და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ ადრე თუ გვიან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსხვავებულად წარიმართებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, რა ზეწოლა ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის მეშვეობით მთლიანად ქვეყანაზე და განსაკუთრებით ხელისუფლებაზე. სხვადასხვა დამოკიდებულებები ჰქონდათ.
გვინდა არ გვინდა, ეს დიდი ქვეყანა იყო მისაბაძი ქვეყანა და ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო. ეს განსხვავებული მიდგომები გაურკვეველი იყო. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ვერ ვიღებდით ამას. ვცდილობდით, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო, რომ ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ და ზურგს არ ვაქცევთ. მუდმივად ხდებოდა სპეკულაციები, რომ ჩვენ თავს ვესხმით აშშ-ს, აშშ-ის ელჩს. სიმართლე ერთია და ყოველთვის აღვნიშნავდით ამას, რომ თავს არ ვესხმით, მაგრამ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს. გვაქვს ამის მოლოდინი, ადრე თუ გვიან, თავის კალაპოტში ჩადგება ეს სტანდარტული ურთიერთობები და ამის იმედი გვქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე ქვეყნის რომელიმე ადმინისტრაცია სხვადასხვანაირი შეხედულებებით შეიძლება, იქცეოდეს, ჩვენ მათზე ვერ ავეწყობოდით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებდა ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე.
„ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი, კარგი სტრატეგია დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებდით ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამ თანხვედრაზეც მაქვს საუბარი – ღირებულებებზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ პირდაპირი განაცხადი იყო. რუბიო მუდმივად უსვამს ამას ხაზს, რომ მოქმედებენ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო ამაზე ხაზგასმა, რომ ეროვნული ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეროვნულ ინტერესებზე როცა საუბრობენ ქვეყნები, აქ ჩნდება პატივისცემა. შესაძლებლობები შეიძლება, განსხვავებულია, მაგრამ უნდა შეგვეძლოს თანხვედრა და საუბარი. მით უმეტეს, თუ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ვართ.
ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს წერილიც და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს ურთიერთობები. სპეკულაციები ბევრი იქნება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვემზადებოდით და საკმაოდ მომზადებულია საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, თუ სხვა. მზად ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით. დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა მიზნები დაისახა ტრამპმა. ვხედავთ თანმიმდევრულობას, რა არის მისთვის დღის წესრიგში. ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველო მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო.