დიმიტრი ხუნდაძე: პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რადგან შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება

დიმიტრი ხუნდაძე

პლასტმასის აკრძალვის გადავადების გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გადავადების გადაწყვეტილება ქართულ ეკონომიკას წაადგება.

„პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სრული კომპრომისია. ვფიქრობ, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რომ შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება. ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რადგან ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო, ასე ხელაღებით იკრძალებოდა პლასტმასის გამოყენება კვების სექტორში. ეს პროდუქტს გააძვირებდა.

რა თქმა უნდა, ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში პლასტმასის გამოყენება სახარბიელო არ არის. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი სრული კომპრომისი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება.