1775651796
ნიკოლოზ სამხარაძე: ზუსტად ერთი წუთია საჭირო ტექნიკურად ვებგვერდზე ინფორმაციის შესაცვლელად, ამის ახსნა ოცდამეერთე საუკუნეში არავის სჭირდება, ეს საქართველოს უპატივცემულობაა
საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენჯერმეა დაყენებული და ამის მიუხედავად რეაგირება არ მოჰყვება, ეს შეურაცხყოფა და საქართველოს უპატივცემულობაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ვებგვერდზე ინფორმაციის შესაცვლელად ერთი წუთია საჭირო.
„საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს ინფორმაცია არ იცვლება. უპირველესად, ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უპატივცემულობას. ეს ამ საქმის საბოლოო ანალიზია. ზუსტად ერთი წუთი სჭირდება, რომ ვებგვერდზე ტექნიკურად ინფორმაცია შეიცვალოს. ამის ახსნა ოცდამეერთე საუკუნეში არავის სჭირდება. როდესაც ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენჯერმეა დაყენებული და ამის მიუხედავად რეაგირება არ მოჰყვება, ეს შეურაცხყოფა და საქართველოს უპატივცემულობაა“, – განაცხადა სამხარაძემ.










