ირაკლი კუპრაძე: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, „ლელო“, ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო“ არის და იქნება პროექტის მთავარი მხარდამჭერი

ირაკლი კუპრაძე

რეალურად, ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს ანაკლიის პორტის გასავითარებლად. პროექტთან დაკავშირებით დღეს ახალ გაუგებარ კალკულაციას გვთავაზობს და ციფრებით ჟონგლიორობით, ტყუილით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, –  ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ეს არის მხილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტის დასრულება არ სურს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან წარმოადგინა არაკვალიფიციური კეკლუცობა, ჟონგლიორობა ფინანსური გათვლებით, რაც კიდევ ერთხელ არის ტყუილი და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. რეალურად, ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს ანაკლიის პორტის გასავითარებლად. 2026 წლის ბიუჯეტში, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ნოემბერში 100 მილიონით შეამცირეს ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსება. დღეს ახალ გაუგებარ კალკულაციას გვთავაზობს და ციფრებით ჟონგლიორობით, პროპაგანდით, ტყუილით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს თავიდანვე არასწორი გათვლები ჰქონდა. ეს არის არაკომპეტენტურობა და მხილება „ქართული ოცნების“, რომელსაც არ სურს ანაკლიის პორტის დასრულება.

ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო პირველი გემები, დღეს არის 2026 წელი და ირაკლი კობახიძე საუბრობს, იტყუება, თითქოს დაინტერესებული არიან ანაკლიის პორტის მშნებლობით. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ წინასწარ განსაზღვრული საბიუჯეტო დოკუმენტიდან, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, ანაკლიის პორტის მშენებლობას დააკლეს 100 მილიონი ლარი. „ძლიერმა საქართველო-ლელომ“ გუშინ გავაკეთეთ განცხადება და წარმოვადგინეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ანაკლიის პროექტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად, ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც სრულ თანხვედრაშია აშშ-ის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს ნომერ პირველი სტრატეგიული ობიექტი და პროექტი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში. წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ანაკლიის პორტი უნდა გამოცხადდეს სტრატეგიულ ობიექტად, პროექტში, პორტში არ უნდა იყოს რუსეთისა და ჩინეთის სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პროექტის ყველა ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა არ განმეორდეს არაბული ყალბი ინვესტიციების ისტორია. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, რაც დასრულდა ამიერკავკასიაში მიმდინარე კონფლიქტი, გაჩნდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა ტრამპის გზა. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. რეალურად, ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, რათა სომხეთ-აზერბაიჯანზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო გზა დაუკავშირდეს საქართველოს. აუცილებლად, გარდაუვალად, სწრაფად უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველოში ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო პირველი გემები. ამჟამად არის 2026 წელი და ანაკლიის პორტი ისევ მიტოვებული, გავერანებულია. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს არანაირი მზაობა, სურვილი არ აქვს, ანაკლიის პორტი ააშენოს. ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. „ლელო“, ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის და იქნება ანაკლიის პორტის, პროექტის მთავარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.