დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკოსი

პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პოლიტიკოსები და სხვადასხვა ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უამრავი ადამიანის ტოვებს.

დეპუტატი საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,დღეს, საქართველოში რადიკალიზმით გაჟღენთილი პოლიტიკოსები და მათი ტელევიზიები ხშირად ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ განწყობა, რომ მოქალაქეები მასიურად გარბიან ქვეყნიდან. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ტვ „პირველის“ ეთერით, ინგა გრიგოლიას მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. მართალია, ტელეწამყვანი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა, შეეძლო ეს ციფრები შესაბამის ექსპერტებთან გადაემოწმებინა. 

საუბარი იყო ბოლო წელს საქართველოდან გასული მოსახლეობის რაოდენობაზე. ციფრები, რომელიც წამყვანმა მოიყვანა, არის 2021 წელს საქართველოდან მხოლოდ გასულთა რაოდენობა და არაფერი თქვა შემოსულთა, ანუ უკან დაბრუნებულთა რაოდენობაზე.

სტატისტისკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან გავიდა 99 974 კაცი, ხოლო შემოვიდა (დაბრუნდა) 74 008 კაცი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტთა რეალური რაოდენობა 2021 წელს არის 25 966.

იმ მთლიან რაოდენობაში, ვინც გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, შესაძლოა თავად ჟურნალისტიც შედიოდეს, თუკი ის ამ წელს უცხოეთში გავიდა, მაგრამ ის არ არის ემიგრანტი. ამ ციფრებში შედიან ქვეყნის ოფიციალური პირებიც, დეპუტატებიც, სპორტის, განათლების, კულტურის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც. 

მინდა განვმარტო, რომ ქვეყნიდან გასულთა საერთო რაოდენობა არ განსაზღვრავს მიგრაციის სურათს ქვეყანაში. საერთაშორისო სტანდარტებით, ემიგრანტად ითვლება ის პირი, ვინც ქვეყნიდან გადის და ერთი წლის განმავლობაში უკან არ ბრუნდება. მნიშვნელოვანი ის კი არ არის მარტო რამდენი გავიდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკან რამდენი დაბრუნდა. სახელმწიფოს განვითარების ტემპები თავისთავად გულისხმობს მოსახლეობის გაზრდილ ვიზიტებს უცხოეთში.

მსურს მოგაწოდოთ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს. შედარებისთვის გაწვდით ასევე მიგრაციის მონაცემებს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და დღევანდელი მმართველობის დროს.

განმარტებისთვის, „მიგრაციული სალდო“ ნიშნავს გამსვლელებსა და შემომსვლელებს შორის სხვაობას. უარყოფითი სალდო კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. თუმცა, წლების მიხედვით ამ ციფრებს შორის შთამბეჭდავი სხვაობაა:

2004-2012 წ.წ. უარყოფითი მიგრაციული სალდო -221 214
2013-2021 წ.წ. უარყოფითი მიგრაციული სალდო -63 981

ანუ, ემიგრანტთა რაოდენობა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ შემცირდა. 2012 წლამდე უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა ქვეყანას და რჩებოდა ემიგრაციაში, ვიდრე უკანასკნელ 10 წელს. 

შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ დიდი ამბიციების მქონე ტელევიზიას არ შეეძლო ამ ინფორმაციის ხალხისთვის სწორად მიწოდება. კიდევ და კიდევ, ეს არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც მოსახლეობის ნეგატიურ ზომბირებას ახდენს. ოპოზიციის და მათი სატელიტი ტელევიზიების მხრიდან ხალხის მოტყუების მცდელობა პოლიტიკურ მიზნებთან არის დაკავშირებული. ჩვენ კი ხალხს არავის მოვატყუებინებთ.
 ზოგადად, მიგრაციული პროცესები დღეს ევროპაშიც საკმაოდ მძლავრია. მოსახლეობის ემიგრაცია შეინიშნება ევროპის ძლიერი სახელმწიფოებიდანაც კი. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც ჩვენსავით, ბევრ ქვეყანას აწუხებს