,,დღევანდელი მინისტრი იმავე კანონით მოქმედებს, რომელიც მიშამ მიიღო 2006 წელს“ - იაგო ხვიჩია ნარკოპოლიტიკაზე

იაგო ხვიჩია

"ნარკოპოლიტიკაში მე ვემხრობი იმ მიდგომას, სადაც სახელმწიფოს ამოცანა არის, რომ ნაკლები ადამიანი მოკვდეს. არსებობს მეორე მიდგომა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მისდევს და, რომელიც ეწინააღმდეგება პირველ მიდგომას. ეს დადასტურებულია ბევრი საერთაშორისო მაგალითით, პრეცედენტებიც არსებობს. ეს არის ადამიანის სხეულში მოლეკულების დევნის პროგრამა," - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს.

"ფანატიკურ ნადირობას ჰგავს თითქოს ეს ჩვენი ნარკოპოლიტიკა, ამას ეწირება ადამიანთა სიცოცხლე, ადამიანთა თავისუფლება, ოჯახები, რაც ყველაზე მთავარია, ეს ჩვენ გვიჯდება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე დაგვიჯდებოდა ნორმალური მიდგომა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის. აი მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე, ჩვენ არასდროს არ ვარკვევთ იქ, რომ რა დაჯდა ადამიანის ციხეში მოხვედრა ამის გამო. ერთ ადამიანზე თვეში დაახლოებით 2 000 ლარს ვხარჯავთ. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ ნარკოპოლიტიკის შედეგად, თუნდაც იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ხარისხიან პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამას ჩვენ სააფთიაქო სფეროში გადავიტანდით და ეს ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ზოგი "ვინტზე" გადადის, ზოგი "კრაკადილზე" და ა.შ.

მე მესმის, რომ წინა მთავრობის გაცხადებული მიზანი იყო ეს. ისინი ამბობდნენ კიდეც, რომ ხალხი გადავსვათ უხარისხო ნარკოტიკზე, რათა მათი რაოდენობა შემცირდესო, ნელ-ნელა კვდებიან ეს ხალხიო. დღევანდელი ხელისუფლება ამას პირდაპირ არ იზიარებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იგივე მოხდეს. პოლიტიკის დონეზე, როგორც წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა გააზრებული ის, რომ მკაცრ ნარკოპოლიტიკას მოჰყვება ადამიანთა სიკვდილი და ტანჯვა, დღევანდელი ხელისუფლებაც ზუსტად იმავეს აგრძელებს. მარტივად რომ ვთქვათ, ნულოვანი ტოლერანტობის კანონი მიიღეს "ნაცებმა," დაგმეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და დღევანდელი მინისტრიც იმავე კანონით მოქმედებს, რაც მიშამ მიიღო 2006 წელს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.