1756837139
დღეს ოპოზიციას აქვს დევიზი - ყველგან უნივერსიტეტი, არსად უმაღლესი განათლება, უნდათ, ასეთი ვითარება დატოვონ, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა ახალგაზრდამ სათანადო გარემოში მიიღოს უმაღლესი განათლება - პრემიერი
ვერც ერთი ქვეყნის განვითარება ვერ იქნება მდგრადი, თუ ეს არ ეფუძნება ძლიერ განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გამოსწორდეს ის ყველაფერი, რაც საქართველოში განათლების სფეროში 35 წლის განმავლობაში ფუჭდებოდა.
„ჯერ იყო 90-იანი წლები, რამაც კვალი დაატყო აბსოლუტურად ყველა სფეროს და განსაკუთრებით განათლების სისტემას და ამის შემდეგ იყო ყოფილი ხელისუფლების პერიოდი, როდესაც უკვე მიზანმიმართულად, ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა განათლების სისტემაში. საქართველოში არის მოქმედი 64 უნივერსიტეტი, უკვე ეს სტატისტიკური მაჩვენებელი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. დევიზი აქვს დღეს ოპოზიციას - ყველგან უნივერსიტეტი და არსად უმაღლესი განათლება. უნდათ, რომ ასეთი ვითარება დატოვონ. ჩვენ ეს არ გვინდა.
ინფრასტრუქტურული კუთხით არის ძალიან დიდი პრობლემები, კადრების თვალსაზრისით არის სერიოზული პრობლემები, სწავლების შინაარსის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, სახელმძღვანელოების მიმართულებით არის სერიოზული პრობლემები. ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს და კიდევ ერთხელ - მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართველმა ახალგაზრდამ სათანადო გარემოში მიიღოს სათანადო ხარისხის უმაღლესი განათლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.












