1733258119
დევნილთა დაბრუნების საკითხის გამო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა. ჩვენთვის მთავარი საკითხია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დევნილთა დაბრუნება - ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე. ამ საკითხის განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს.
„როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკითხი დევნილთა დაბრუნების შესახებ, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა. ჩვენთვის მთავარი საკითხებია, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა და დევნილთა დაბრუნება. ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებათა საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - იქნება ეს დაკავებები თუ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობები.
ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუბრუნდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, არ მოახდინოს მისი სხვა საკითხებით გადატვირთვა“, - განაცხადა დარსალიამ.