დებატები თუ იქნება რეალური და არ იქნება რაღაც ფარსი, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჯერ ველოდებით ფორმატს - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

ერთობაზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ, ვისთან ერთობაზეა საუბარი, – ასე უპასუხა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უყურებს „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციის ახალი ერთობის პერსპექტივას, რადგან პარტიას აქვს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ამ ერთობაში თავს არ მოიაზრებს, თუმცა ერთობის ინიციატორებიც ეწინააღმდეგებიან მათთან კონსულტაციებს და მათ იქ ყოფნას.

„ოპოზიციური სპექტრი, ამ შემთხვევაში ერთობას ვინც განიხილავს, დიდწილად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წარმონაქმნები და მათთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად არ განვიხილავთ ერთობას ამ პარტიებთან. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. ახლა თქვენ თქვით, რომ მათაც არ აქვთ სურვილი, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დააგვიანეს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვამბობთ და ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს პოზიცია გვქონდა, რომ ნებისმიერი ტიპის კოალიციას გამოვრიცხავდით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათთან დაკავშირებულ პარტიებთან“, – განაცხადა შარაშიძემ.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ლელოსთან“ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავენ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი დებატებისთვის, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დასხდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთან ტელეეთერში იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხელისუფლებას ესახება, შეურაცხყოფების გარეშე, კონსტრუქციულ რეჟიმში, შარაშიძემ აღნიშნა, რომ მათი გუნდი ნამდვილად გამოირჩევა კონსტრუქციულობით და ვერავინ ვერ გაიხსენებს ვერცერთ მაგალითს, როცა მათი გუნდიდან ვინმე სადმე არაკონსტრუქციულად მოიქცა.

„ასევე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენთვის დებატები არის რამე სიახლე. რა თქმა უნდა, მე არ დამყავს მხოლოდ დებატების დონეზე საპარლამენტო მუშაობა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება პარლამენტის სწორედ პოლიტიკური დებატია, ჩვენ უკვე ვართ დებატებში „ოცნებასთან“ პარლამენტში, კიდევ უფრო აქტიურად ვიქნებით საგაზაფხულო სესიიდან და მომავალშიც. ასე რომ, ჩვენ, როგორც თქვენ, ველოდებით ჯერჯერობით ფორმატს და თუ ეს არ იქნება რაღაც ფარსი და იქნება რეალური დებატი, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა შარაშიძემ.