დავით სონღულაშვილი ნაირობიში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

დავით სონღულაშვილი

კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების მინისტრების პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „დრო იწურება: გლობალური პლასტმასის ხელშეკრულებაზე შეთანხმების დროა“.

გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისრის, ჯესიკა როზვალის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (დანიის) გარემოს დაცვის მინისტრის, მაგნუს ჰეუნიკეს ერთობლივი გადაწყვეტილებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ კენიის რესპუბლიკის, საქართველოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრები.

როგორც დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ელოდება ამბიციურ და პრაქტიკულ საერთაშორისო ხელშეკრულებას პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად. მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მზად არის ეროვნული გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობას მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკისთვის. მიუხედავად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს მშვიდობისა და სტაბილურობის კურსს და ამით აძლიერებს საკუთარ როლს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ სატრანზიტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.

„მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ქმნის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური როლის ზრდისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ეროვნული გარემოსდაცვითი სისტემის რეფორმირება მოქალაქეებისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნისა და საერთაშორისო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების მიზნით”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმადაც 2026 წლის იანვრიდან იკრძალება შერჩეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტებისა და გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) საკვების კონტეინერების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს პლასტმასის დაბინძურების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს.

დავით სონღულაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომ პლასტმასის გლობალური ხელშეკრულება იყოს ეფექტიანი, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.