წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ მედიაში ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიბის - „იმედისა“ და „PosTV”-ს დასანქცირებას ეხმაურება.
ანალიტიკოსი წერს, რომ ეს „შეტევა“ ნათელი მაჩვენებელია იმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში კონფლიქტი არ შემოიფარგლება შეიარაღებული ძალებით და მოიცავს საინფორმაციო ოპერაციებსაც. ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს დასანქცირების მიზეზებზე:
„მედიის სანქცირება მხოლოდ საჯარო საბაბია; რეალური ამოცანა კი უფრო ფართოა - შეიკუმშოს მანევრის სივრცე იმ ძალებისთვის, რომელთაც ლონდონი რუსეთის გავლენის გამტარებად თვლის, იქნება ეს პოლიტიკური, ფინანსური თუ საინფორმაციო სფერო“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ თბილისმა უნდა გადადგას ნაბიჯები რისკების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეტევა შესაძლოა გადაიზარდოს პერსონალურ სანქციებში, მეორად შეზღუდვებსა და საერთაშორისო სივრცეში საქართველოს, როგორც „სუსტი რგოლის“ ნარატივის გაძლიერებაში.
„მაშ ასე, ლონდონი „გადავიდა შეტევაზე“ ქართული მიმართულებით, და არა იმიტომ, რომ მოულოდნელად „სიტყვის თავისუფლებისადმი“ განსაკუთრებული ზრუნვა გაუჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ბრიტანეთმა გადაწყვიტა აღმოეფხვრა სამხრეთ კავკასიურ კვანძში არსებული საკუთარი სისუსტე: ფული, ლოჯისტიკა და საინფორმაციო ნაკადები. ის სასანქციო პაკეტი, რომელშიც მოხვდნენ Imedi და POSTV, გაფორმდა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციური რეჟიმის ნაწილი, მკაფიო აქცენტით „დეზინფორმაციაზე“ და სრულიად პრაქტიკული ინსტრუმენტებით - აქტივების გაყინვა და ფინანსური სერვისების შეზღუდვა.
ამ ყველაფერს ლონდონი აკეთებს სამხრეთ კავკასიაში დასუსტებული ბრიუსელის უკბილო პოლიტიკისა და აშშ-ს პოზიციების გაძლიერების ფონზე. ამ შეტევის სათავეში ბრიტანული სპეცსამსახური MI6-ი და მისი ახალი ტაქტიკა დგას, რაზეც ვრცლად ვილაპარაკეთ მის სათავეში ბლეიზ მეტრეველის დანიშვნისთანავე.
ამ ყველაფრის საჯარო გზავნილი მარტივია: თანამედროვე კონფლიქტი არ შემოიფარგლება ტანკებითა და ფრონტის ხაზით, ის მოიცავს კიბერსივრცეს, დივერსიასა და საინფორმაციო ოპერაციებს. გაჯიუტდა საქართველო, ომის მწვავე ფაზაში ახალი კერის გაჩენის კუთხით, და ამ გლობალურ ჰიბრიდულ დაპირისპირებაში, იგი სხვა ხერხებით შეეცდებიან შემოიყვანონ.
მეტრეველის პროფესიული პროფილი ტექნოლოგიური და სისტემურ-ანთროპოლოგიურია: აქცენტი კეთდება არა ხმაურიან განცხადებებზე, არამედ ზუსტ წერტილოვან დარტყმებზე საზოგადოებაზე გავლენის მქონე ინფრასტრუქტურაზე: იურიდიული შეზღუდვები, ფინანსური ბლოკირება, რეპუტაციული ტოქსიკურობა. ეს არ არის უბრალოდ „ტელეკომპანიების დასჯა“, ეს არის ზოგადი სიგნალი „ბაზრისთვის“: ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც (მათი აღქმებით) ქმნის მოსკოვისთვის „ხელსაყრელ ნარატივს“ (და ჩვენ მასთან ომზე და სანქციებზე უარს ვაცხადებთ), შეიძლება ჩაითვალოს უცხო გავლენის ნაწილად და დაექვემდებაროს სანქციურ ზეწოლას.
თავისი ბოლოდროინდელი აქტიურობით საშიში ამერიკის და გაკოტრების ფაზაში მყოფი ბრიუსელის ფონზე, დღეს სწორედ ბრიტანეთი მოქმედებს, როგორც იმპერიალისტური რეანიმაციის მცდელობის მქონე ძალა, თავისი ცბიერი სპეცსამსახურებრივი ინსტინქტით: უკეთესია მან თავად დააწესოს დღის წესრიგი და მოკავშირეებს წინ გაუსწროს ამაში, ვიდრე მათი დევნის რბოლაში ჩაებას. ამ ლოგიკაში „ქართული ფრონტი“ არ არის მხოლოდ საქართველო, როგორც მიზანი თავისთავად, ეს არის ასევე პლაცდარმი შავი ზღვის, სატრანზიტო მარშრუტებისა და ფინანსური არხების გეოპოლიტიკურ თამაშში, სადაც ლონდონის „ჩაჩოჩება“ სხვა მოთამაშეების მხრიდან აშკარაა.
მედიის სანქცირება მხოლოდ საჯარო საბაბია; რეალური ამოცანა კი უფრო ფართოა - შეიკუმშოს მანევრის სივრცე იმ ძალებისთვის, რომელთაც ლონდონი რუსეთის გავლენის გამტარებად თვლის, იქნება ეს პოლიტიკური, ფინანსური თუ საინფორმაციო სფერო. თუ თბილისი ლონდონს არ შესთავაზებს გასაგებ კონტრ-ნარატივს და მინიმალურ ნაბიჯებს არ გადადგამს რისკების შემცირების მიმართულებით, ეს შეტევა შეიძლება გაფართოვდეს თავისი ზეწოლის ხარისხით: პერსონალური სანქციები, მეორადი შეზღუდვები, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს, როგორც „სუსტი რგოლის“ ნარატივის გაძლიერება.
მაგრამ, თუ საქართველო გააგრძელებს მოქმედებას თავისი აპრობირებული სუვერენული რეალიზმის ლოგიკით (რაც ბრიუსელთან მიმართებით მას კარგად გამოსდის) და შეძლებს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ მოლაპარაკებას, გამოსავლის ფანჯარა რჩება: ბრიტანეთი პატივს სცემს მათ, ვინც საკუთარი ძალისა და ინტერესების ენას ფლობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ლონდონი ამაში დაინახავს გაზომვად სარგებელს და კონტროლირებად რისკებს. ასე რომ, არანაირი „უკან დახევა“ თუ სისუსტის გამოვლინება ჩვენი მხრიდან არ შეიძლება, ამაში კი უკანასკნელ ხუთ წელიწადში კოლოსალური გამოცდილება დაგვიგროვდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.