ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
მტკნარი სიცრუე არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას. კერძოდ, საელჩო აცხადებს, რომ „ეს არის სრულად არაპროპორციული ზომა და „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“
„ყველამ ძალიან კარგად იცის და მათ შორის, ბრიტანეთის საელჩომაც უნდა იცოდეს, მათ მრჩევლებს ქართული ენა თუ ესმით, კარგად უნდა განუმარტონ, კანონი რა არის. როგორ გავიგოთ, როდესაც ბრიტანეთში კონკრეტული სახელმწიფო უწყების დავალდებულებას არ შეასრულებს მოქალაქე იქნება თუ პოლიტიკოსი, შემდგომ სასამართლო დაუდგენს მას გარკვეულ წესრიგს და ამ წესრიგს დაარღვევს, მის მიმართ ზომები არ იქნება გამოყენებული? ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის იმ შეთქმულების ნაწილი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ყველამ გაიაზროს, რასაც ამბობს და რასაც წერს, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არის ჩვენს ქვეყანაში მობრძანებული იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გააღრმაოს და არა პირიქითპროცესს შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან განმარტა, რომ არსებობს კანონი, კანონში კონკრეტული დანაწესია და ამ დანაწესის შესრულება არის სავალდებულო ყველასთვის.
„როდესაც პარლამენტის არალეგიტიმურობაზე რადიკალებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი და ამას ან დუმილით ან ასეთი უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებით ხელს უწყობენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები, კარგად უნდა გაიაზრონ ის, რომ მილიონ ორასი ათასი ადამიანის ნება-სურვილი არის გადამწყვეტი. ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ ამ ქვეყანაში და ეს დემოკრატია გულისხმობს უმრავლესობის ნება-სურვილის განხორციელებას. როდესაც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ და ვერც ერთი არსებითი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს ამის შესახებ, ყველამ კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა დიპლომატების კრიტიკული გამოხმაურებები „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბოდიში არავის მოუხდია.
„როდესაც ზურაბ ჯაფარიძის პროცესთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გვახსენდება ყველას ის არაერთი სასამართლო პროცესი იქნება თუ ფაქტი, რომელზეც ამდენი ტალახი გვესროლეს ჩვენ და მერე არავინ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდია. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმე. გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი იგივე საელჩოების წარმომადგენლებს, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოიტანა სასამართლომ? თურმე, „როგორ ინგრეოდა საქართველოში დემოკრატია და მართლმსაჯულება იყო ფეხქვეშ გათელილი“.
მერე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა და არავის დაჰკარგვია სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება. თქვენ გახსოვთ რომელიმე ელჩი გამობრძანებული და მის მიერ ნათქვამი, დიდი ბოდიში ქართულ სასამართლოს და სახელმწიფოს, შეცდომა მოგვივიდა და ტყუილი ვთქვითო? ამ მოცემულობასთან გვაქვს დღესაც საქმე.
თავი დაანებონ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას, იმ პროცესებს, სადაც იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი დასკვნას მარტივად გამოიტანს. როდესაც არღვევ კანონს, პირდაპირ ამაზე მიდიხარ. ზურა გირჩი ჯაფარიძე ამ ნაბიჯზე შეგნებულად არ წავიდა? ხომ ფაქტია, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ არღვევ კანონს, გიფარდებენ გირაოს და თუ გირაოს არ იხდი, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გეფარდება. ეს ხომ ძალიან კარგად იცოდა. რატომ შეიქმნა ეს ანტურაჟი? - იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ, ამ ელჩს თუ საელჩოს განცხადება გაეკეთებინა. სწორედ ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.