დავით მათიკაშვილი: წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგორებულია კამპანია, მასზე ზეწოლაა, თუმცა ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ იღებს

 დავით მათიკაშვილი

წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგორებულია კამპანია და იმ სახსრებზე წვდომა არ აქვს, რომელზეც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს. ეს ხაზს უსვამს, რომ ამ ოჯახსა და ამ ადამიანზე ზეწოლაა, თუმცა ის ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ იღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, სამშობლოს სუვერენიტეტის რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას.

„მათ გამოცდილებამ მაინც უნდა უკარნახოს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შანტაჟს არ ექვემდებარებიან. ისინი აგრძელებენ საქველმოქმედო საქმიანობას მიუხედავად იმისა, რომ სახსრებზე წვდომა არ აქვთ. მას ვერავინ აიძულებს, სამშობლოს სუვერენიტეტის რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.

ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.