დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ არ დაუშვას ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა

დავით მათიკაშვილი

სიძულვილის ენა ქართველი ხალხის სტილი არ არის. შეგიძლიათ, ნახოთ, ქართველები ერთმანეთს როგორ მიმართავდნენ, თუ ვინმეს ვინმეს მიმართ პრეტენზია ჰქონდა, ყველა ცდილობდა, რომ სხვისგან განცალკავებით ერთმანეთისთვის ეთქვათ სათქმელი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ე.წ. სამოქალაქო სექტორის გავლით მიზნად დაისახეს, რომ ხალხისთვის თავს მოეხვიათ ის, რაც ქართველი ხალხისთვის მოცემულობა არ არის“.

„ნიკა გვარამიას ცნობილ განცხადებებს და მოქმედებებს გაგახსენებთ, იმ შაპიტოს, რომელსაც პირდაპირ ეთერში აწყობდა და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობდა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არ იყო მხოლოდ მისი ბინძური სურვილი, რომ ეს ხელწერა დაეტოვებინა ტელეეთერში, არამედ სპეცსამსახურების მიერ კარგად დამუშავებული მეთოდიკაა, რომ საზოგადოებაში ნაპრალი გააჩინონ და გააღრმავონ. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ არ დაუშვას ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა. აქ ახალი არაფერია, საკანონმდებლო სივრცე უკვე არსებობს და შესაბამისი სამმართველო შეიქმნება, რომელიც რეაგირებისთვის მასალას შეაგროვებს და გადააგზავნის შესაბამის სტრუქტურებში. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ ებრძვის, სიძულვილის ენა საზოგადოების დაყოფის და ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობაა, რაზეც რეაგირება საჭიროა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.