დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას

დავით მათიკაშვილი

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ობიექტურად, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სასამართლო განსჯის ჭრილში ჩამოყალიბდეს სწორი პრაქტიკა.

„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას. სამწუხაროდ, წლების წინ ქართული საზოგადოებისთვის სრულიად არადამახასიათებელი რამ იყო რადიკალების, მათი დამფინანსებლების და მხარდამჭერების მიერ თავსმოხვეული. სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ობიექტურად, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და სასამართლო განსჯის ჭრილში ჩამოყალიბდეს სწორი პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ მძიმე, მანკიერი სენის აღმოფხვრას ჩვენი საჯარო სივრციდან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დაიწყო. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენაა. სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ოქმის შედგენას და საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.