დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას

დავით მათიკაშვილი

 საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

დეპუტატი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ წერილს.

„მიუხედავად მოგებული საქმეებისა, საბანკო სისტემის რეპუტაციასაც კი არაფრად დაგიდევენ, ოღონდაც ის მიზნები შეასრულონ, რაც ამ არაფორმალური გავლენებით მოქმედ ძალებს ესაჭიროებათ და რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე თანხმობა არ თქვა. მან არ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც ფაქტობრივად, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში გადაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ - საკუთარი ქვეყნის ერთგულებისთვის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ნამდვილად ქართული საქმის კეთებისთვის ცდილობენ მის დასჯას და ცდილობენ, შეუწყვიტონ ის რესურსი, რომელიც ყველა ნორმიდან, ყველა გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც დღეს მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა სასამართლოს, ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რამდენიმე დღეში ბრიტანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ დავის შესახებ, რომელიც წლებია, გრძელდება და მოსარჩელეს ყველა წინა პროცესი მოგებული აქვს, - ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ასევე დეტალურად საუბრობს, 2008 წლიდან განვითარებულ მოვლენებზე.