მდიდარი "სნაიპერების" საკვირაო ნადირობა ბავშვებზე - სარაევოს ალყის სკანდალურ საქმეზე გამოძიება დაიწყო

სარაევო

იტალიის პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება სკანდალურ ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც, მდიდარმა უცხოელებმა, მათ შორის, შესაძლოა, იტალიელმა მოქალაქეებმაც, სარაევოს ალყის დროს, ფული გადაიხადეს „გასართობად“ სამოქალაქო პირებზე "ენადირათ".

ბოსნიის დედაქალაქის ყოფილი მერი ბენჯამინა კარიჩი პირველი საჯარო ფიგურა გახდა, ვინც ოფიციალურად მიმართა პროკურატურას „უცნობი პირების წინააღმდეგ“ ბრალდებით. სწორედ მისმა საჩივარმა ახადა ფარდა წლების განმავლობაში ბურუსით მოცულ ისტორიებს.

ბენჯამინა კარიჩი, ომის დაწყებისას, ერთი წლის იყო. საჩივრის შეტანა ბოსნიის გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი., იტალიის ხელისუფლებაში, მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2022 წელს, დოკუმენტური ფილმი, „სარაევოს საფარი“ნახა.

„ის, რომ მდიდარი ხალხი შაბათ-კვირას სარაევოში ჩამოდიოდა ჩვენი შვილების მოსაკლავად , ყველაზე ბნელი რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, - განუცხადა კარიჩმა რადიო თავისუფლებას.

იტალიური გაზეთების Il Giorno-სა და La Repubblica-ს, ასევე, საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, პროკურორები იძიებენ ბრალდებებს, რომლის მიხედვით,  1992-1995 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ომის დროს, მდიდარმა უცხოელებმა „დიდი თანხები“ გადაიხადეს, რათა ალყაში მოქცეული სარაევოელი მშვიდობიანი მოსახლეობა "გართობის მიზნით" დაეხვრიტათ.

გამოძიება მილანში მიმდინარეობს და, შესაძლოა, კონკრეტულ პირებს წარედგინოთ ბრალი „განზრახ მკვლელობაში, რომელიც ჩაიდინეს განსაკუთრებული სისასტიკით და უღირსი მოტივით“.

მილანის პროკურატურამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას, ამ დროისთვის, ვის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, ან ვინ შეიძლება აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე.

გამოძიების ინფორმაციით, მდიდარმა უცხოელებმა ათიათასობით ფუნტი გადაიხადეს, რათა „შაბათ-კვირის სნაიპერები“ გამხდარიყვნენ.

მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გაჟღერებულა. რამდენიმე განაჩენში გაეროს სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სნაიპერული კამპანია „მოქალაქეების დაშინების“ მიზნით იყო გაკეთებული.

„სარაევოს მშვიდობიან მოსახლეობას "საკვირაო სნაიპერები" ესროდნენ, როდესაც ისინი წყლის მოსატანად მიდიოდნენ. სნაიპერები ბავშვებს ესროდნენ, როდესაც ისინი სახლების წინ თამაშობდნენ, მშობლებთან ერთად სეირნობდნენ, სკოლიდან ბრუნდებოდნენ ან ველოსიპედებით მოძრაობდნენ“, - განაცხადა მოსამართლემ, როდესაც ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი გაასამართლა, რომელსაც 40 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სარაევოს ალყა

1992 წლის აპრილში სარაევო ალყაში მოექცა. წყალი, საკვები, მედიკამენტები, ენერგია — ყველაფერი შეზღუდული იყო. ქალაქის გარშემო გაშლილ ბორცვებზე განლაგებული სამხედრო პოზიციები ყოველდღიურ საფრთხედ იქცა.

საზოგადოებაში დღემდე ცოცხლობს „Sniper Alley“-ს სახელით ცნობილი ქუჩები, სადაც სიარული მოქალაქეებისთვის მუდმივად სახიფათო იყო.

სწორედ ამ დროს ჩნდება „weekend snipers“-ის (საკვირაო ქილერები) ტერმინიც.

სარაევო 1992 წლიდან 1995 წლამდე ალყაში იყო მოქცეული. 1425-დღიანი ალყა თანამედროვე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, რომლის დროსაც 1600-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 14 000 კი დაიჭრა.

„ჩვენ ამას ‘weekenders’ ვეძახდით. შაბათ-კვირას სროლა განსაკუთრებით ინტენსიური იყო. ჩვენ, ბავშვები, ამას ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით " - იხსენებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ირინა ჩიშიჩმა პირველი დაბადების დღე 1993 წლის 8 ოქტომბერს აღნიშნა. სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, დედასთან ერთად სეირნობდა, როცა სნაიპერის ტყვია მოხვდა.

„ირინა, უბრალოდ, დადიოდა, ჩემს მეუღლეს ხელით მიჰყავდა. ვერასდროს გავიგეთ, რატომ ესროლა ვიღაცამ 50-60 სანტიმეტრის სამიზნეს და რატომ არ ესროლა უფრო დიდ სამიზნეს, ჩემს მეუღლეს, ვისთვისაც ტყვიის ზუსტად მოხვედრა უფრო ადვილი იყო“, - განუცხადა ირინას მამამ, სამირმა, რადიო თავისუფალებას.

სამი ათწლეულის განმავლობაში, მოკლული გოგონას მშობლები ეძებდნენ პასუხებს იმის შესახებ, მათი ქალიშვილი შემთხვევით მოკლეს, თუ გართობის მიზნით.

მილანის პროკურატურა აპირებს სამხედრო არქივებში წვდომის მიღებას, ყოფილი სამხედრო პირების დაკითხვას, თვითმხილველთა  გამოკითხვას, 1990-იანების ფოტო და ვიდეო მასალების გადამოწმებას. პროცესი, შეიძლება, 2026 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. 

 ექსპერტთა მოსაზრებით, „Weekend Snipers“-ის გამოძიება მხოლოდ იურიდიული პროცესი არ არის.
ეს არის მცდელობა, თუნდაც 30 წლის შემდეგ, დაერქვას სახელი ქალაქის მეხსიერებაში ჩარჩენილ უცნაურ ფენომენს — "საკვირაო ქილერების ნადირობას".

სარაევოს ალყა დასრულდა 1996 წელს, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდროინდელი ბურუსით მოცული კოშმარის გამოაშკარავება და დამნაშავეების დასჯა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.