1747676647
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა.
„ცვლილების თანახმად, საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და ანაზღაურების პირობებს კომისია ადგენს. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მოთხოვნები, პროცედურები და საფასურები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. ასევე საბოლოო მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ქსელის ისეთი გადასახადი, რომელიც არ ასახავს სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ხარჯებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კანონპროექტი აწესრიგებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისი მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირება და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა.
დღესვე, კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023-2024 წლების ანგარიშები მოისმინეს.
საკითხი კანონმდებლებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, სამსახური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის საფუძველზე, 2003 წელს შეიქმნა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებებს იცავს.
მისივე ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე სამსახურს განხილული აქვს 53 000-მდე დავა და არასწორად დარიცხული გადასახადის სახით დაახლოებით 13 მილიონი ლარი აქვს ჩამოწერილი.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამსახურს რეგიონული წარმომადგენლები ჰყავს ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
ნინო გულეიშვილმა 2023-2024 წლების სტატისტიკურ მონაცემებზე და სამსახურის მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მიმართულებით განხილულ შემთხვევებზე ისაუბრა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხმარებლების ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.