„ჩვენი საქმიანობის მიზანი და ამოცანა არის სწორედ ხალხის და სახელმწიფოს სამსახური“ - ცოტნე ანანიძე

ცოტნე ანანიძე

12 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მას მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ცოტნე ანანიძე აქამდე ქობულეთის დელეგატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე 30 მარტს, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

„მაქსიმალურად ვეცდებით კოლეგებთან ერთად, მათ შორის დამოუკიდებელ წევრებთან, კორპორაციული და კოლეგიალური კულტურის დაფუძნებით გვქონდეს თანამშრომლობა ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც რეგიონის დღის წესრიგში არის. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფოს. ჩვენი საქმიანობის მიზანი, ამოცანა არის სწორედ ხალხის და სახელმწიფოს სამსახური.

ჩვენ ვართ ადამიანების ინტერესების გამტარი, რომლებმაც ეს მანდატი მოგვანიჭეს. შესაბამისად, უნისონში, ჩვენი რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გვაქვს დასახული მიზნები, რომელიც სახელმწიფოს, ჩვენი საბიუჯეტო ცხოვრების და თითოეული მოქალაქის სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება“, - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.