ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში, მის მიღმაც, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.

„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის. თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის, და არა იმ „დიფ სთეითისა“, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში, მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია. ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს ანტიქართულს. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობის და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ეროვნულობა, ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.