1748675716
ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა და სავალუტო რეზერვების შევსება ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია - ნათია თურნავა

ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა და სავალუტო რეზერვების შევსება ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელდება სავალუტო რეზერვების შევსება, რათა ყოველთვის ადეკვატურ დონეზე იყოს.
„ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა და ჩვენი რეზერვების შევსება, ასე ვთქვათ, ადეკვატურ დონემდე მისვლა არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის, როცა გვეძლევა ამის საშუალება ბაზარზე ისე, რომ არ დავაწვეთ სავალუტო კურსს, ჩვენ ვყიდულობთ და ვავსებთ რეზერვებს, ვახდენთ რეზერვების აკუმულირებას. ეს წელსაც ასე არის. ოთხი თვის სტატისტიკა გამოქვეყნდა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ხუთი თვის სტატისტიკა როცა გამოქვეყნდება, კიდევ გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება. ვაგრძელებთ ჩვენი რეზერვების შევსებას, რათა ყოველთვის გვქონდეს ადეკვატურ დონეზე. თუკი დგება ისეთი მომენტი, როგორიც შარშან იყო, გამოწვეული მხოლოდ აღქმებითა და გაურკვევლობით, ამისთვის ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული ლიკვიდობა მივაწოდოთ ბაზარს. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი პირველივე შანსი მოგვეცემა, ისევ აღვადგენთ რეზერვებს, როგორც ვაკეთებთ ამას წელს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ ამასთან დაკავშირებით განწყობილები და ციფრებიც ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველ ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 368.1 მილიონი აშშ დოლარით, 4.52 მილიარდ აშშ დოლარამდე შეავსო.