ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმება, შეთანხმების დარღვევა არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარსული ფაქტების კონსტატაცია - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მწვავე განცხადებებით პასუხობენ. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანა წითლიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს ნომერ 4-ს "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაღალი პროცენტი პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა. პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ წითლიძის განცხადებას ცილისწამება და უზნეო ბრალდება უწოდა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგობრივ ქმედებებზე აკეთებს აქცენტს.

ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს კოლეგა პარტიებს გიგა ბოკერია, რომელიც ამბობს, რომ მიუღებელია ალიანსში ყოფნა და ამავდროულად საერთო წესების უარყოფა.

"შესაძლოა, ყველა პარტიას უნდოდეს იმხელა მანდატი ჰქონდეს, რომ თვითონ წაიყვანოს წინ [პროცესი]. პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, მოუწევთ გაყვნენ იმ გზას, რასაც ხელი მოაწერეს, ან იზოლაციაში იქნებიან, სხვა გზა არ არსებობს.

ჯერჯერობით, რაც მათგან მოვისმინეთ ცილისწამებაა, განსაკუთრებით პარტია "ახალზე", მელიაზე და არამარტო - ყველაზე.

რამე განსხვავებული აზრი და კრიტიკა კი არ არის, პირდაპირ ცილისწამებაა. ახლა იძახის - მე თან შიგნით ვიქნები და თან წესებს არ ვცნობ. ეს ასე არ გამოვა. ფაქტობრივად, ალიანსიდან გადიხარ შენ თვითონ თუ ასე იქცევი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ "პალიტრა ნიუსის" ეთერში საუბრის დროს.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი კი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით, არ ვაპირებთ არც მე და არც სხვა წევრები დისკუსიაში შესვლას, იმიტომ რომ ეს კაცი არის პოლიტიკური ტყვე, პატიმრობაში იმყოფება და არ იქნება ლამაზი, ტელევიზიიდან ვეკამათებოდე პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმება, შეთანხმების დარღვევა არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ფაქტების კონსტატაცია, წარსული ფაქტების კონსტანტაცია. ამიტომ, მომავალშიც შესაბამისად იგივე გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წარსულის და აწმყოს შეფასება ვისაც არ მოეწონება, შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მას ექნება უფლება, გააკეთოს განცხადებები და შეფასებები," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.