1793896633
ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას - მარიამ ქვრივიშვილი
ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრ ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.
„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.











